Accessibility links

დავით ზალკალიანი: ევროსაბჭოს მინისტერიალს დისტანციურად დავესწრებით და თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადავცემთ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 15 მაისს დაგეგმილი ევროსაბჭოს 2020 წლის მინისტერიალი საქართველოს თავმჯდომარეობით იმ ფორმით ვეღარ ჩატარდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო - იქნება დისტანციური შეხვედრა, რომელზეც თავად ზალკალიანი საქართველოს თავმჯდომარეობას შეაფასებს და ამ საპატიო სტატუსს საბერძნეთს გადასცემს.

სწორედ საბერძნეთის თავმჯდომარეობით გაიმართება მინისტერიალი ნოემბერში, ათენში.

8 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ანგარიშის პრეზენტაციაზე დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუჩერებია მუშაობა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის.

"ჩვენ მაინც შევძელით, რომ საქართველოს თემატიკა ყოფილიყო წინა პლანზე საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკის დღის წესრიგში. სწორედ პანდემიის პროცესში დაიწყო ე.წ. ბორდერიზაციის კიდევ ერთი პროცესი და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოეხდინა მყისიერი რეაგირება. გაკეთდა კიდეც არაერთი განცხადება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 მაისს მედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკაც გააცნო.

მისი განცხადებით, სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლითაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვნებს, ხანდაზმულებს, სტიპენდიის გარეშე სტუდენტებს. ზალკალიანის თქმით, ადგილზე ამ კატეგორიის 19 417 მოქალაქეს დაეხმარნენ.

"ვიზრუნეთ იმ სტუდენტებზე, ვინც პანდემიის პერიოდში საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩა. ამ ეტაპზე სამშობლოში დავაბრუბეთ 682 სტუდენტი და ამაში ძალიან დაგვეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები. ასევემ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთნ ერთად ჩვენ სამშობლოში დავაბრუნეთ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მეზღვაურები", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ დღევანდელი მონაცემებით 10 000-ს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG