Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში COVID-19-ის 15 შემთხვევაა დადასტურებული


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ მედიასთან ადასტურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სანიტარიული სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა კოჩიევა. მისი თქმით, ხუთშაბათს გამოკვლევა ჩაუტარდა 64 ადამიანს, მათგან ინფიცირება 4-ს გამოუვლინდა.

მარინა კოჩიევას თანახმად, ამ დროისათვის კიდევ 37 საეჭვო პაციენტის ტესტირების შედეგებს ელოდებიან:

„კარანტინშია 244 ადამიანი, მათ შორის 160 რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, 6 მძღოლი და 78 ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოსული მოქალაქე“, - აღნიშნა მარინა კოჩიევამ.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საკითხზე გუშინ, 7 მაისს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტშიც იმსჯელეს.

სააგენტო იუწყება, რომ ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დავით სანაკოევმა სხდომაზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სიმცირეზე გაამახვილა ყურადღება და დაინტერესდა, რა კეთდება ამ საშუალებებით მოსახლეობის მოსამარაგებლად. დეპუტატ ამირან დიაკონოვის თქმით კი, საავადმყოფოში მისვლისას ნახეს, რომ პირადი დაცვის საშუალებებით არც მედპერსონალი სარგებლობს:

„საავადმყოფოს პირველსა და მეორე სართულებზე აბსოლუტურად ერთი და იგივე სურათი იყო. ექიმები დადიოდნენ ნიღბების გარეშე, არ ეცვათ ბახილებიც. ერთსა და იმავე ადამიანებს გაჰქონდათ ნაგავიც ისე, რომ უსაფრთხოების ნორმებს არ იცავდნენ“, - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები 6 მაისს გამოვლინდა. 7 მაისს ინფიცირება ლაბორატორიულად 8 პირს დაუდასტურდა. მათგან, გავრცელებული ინფორმაციით, 7 კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG