Accessibility links

არჩილ თალაკვაძე ანდრიუს კუბილიუსს საპასუხო წერილს უგზავნის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის წევრს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ანდრიუს კუბილიუსს, წერილზე წერილით პასუხობს.

საპასუხო წერილში, კერძოდ, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ 8 მარტიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები გამოხატავს იმის მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ტექსტის შესაბამისად განხორციელდეს.

„შეთანხმებას ქართულმა ოცნებამ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ანდრიუს კუბილიუსისადმი გაგზავნილ წერილში იგი აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია ევროპარლამენტარის წერილის იმ ნაწილით, რომელიც ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებს ეხება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს გაგებულია როგორც მოწოდება, პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში:

„პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება).

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

იგი, როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის მიერ გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ადრესატია. კუბილიუსმა ანალოგიური წერილებით მიმართა ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.

წერილებში მან თქვა, რომ ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდება და 2020 წლის არჩევნები თავისუფალ სამართლიან გარემოში ჩატარდება.

წერილში ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისადმი გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდობლობის ზრდის გამოხატულებაა. აქვე იგი ამბობს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ქვეშ აყენებს შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG