Accessibility links

თალიბებმა ავღანეთის რეგიონული პოლიციის უფროსი მოკლეს


ავღანეთის, ხოსტის პროვინციის პოლიციის უფროსი, საიედ აჰმად ბაბაზაი, რომელიც 7 მაისს მოკლეს თალიბებმა

თალიბებმა ავღანეთის ხოსტის პროვინციაში დახოცეს პროვინციის პოლიციის უფროსი და სხვა ორი პირი. 7 მაისის ინციდენტისას მოკლული, ხოსტის პოლიციის უფროსი, საიედ აჰმად ბაბაზაი, მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციას ედგა სათავეში პროვინციის დასავლეთში, როცა თავდასხმა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თარიღ არიანის თანახმად, ბაბაზაი გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიხოცნენ მისი მდივანი და მცველი. დაშავებული არიან პოლიციელები.

მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

თავდასხმის ფონია აშშ-ის წარმომადგენლის, ზაალმაი ხალილზადის შეხვედრა თალიბებთან ყატარში. ხალილზადმა განაცხადა 7 მაისს, რომ თალიბებთან მოლაპარაკების თემები იყო „ძალადობის შემცირება“ და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება აშშ-ისა და თალიბანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც თებერვალში იქნა მიღწეული.

შეთანხმებამ გზა გაუკვალა საერთაშორისო ძალების გაყვანას ავღანეთიდან 14 თვის განმავლობაში, ასევე პატიმრების გაცვლას და თალიბანის და ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო მოლაპარაკებას.

აშშ-ის საგანგებო ინსპექტორის კვარტალური ანგარიშის თანახმად, თალიბანს შეთანხმების მიღწევის შემდეგ არ მოუწყვია თავდასხმა უცხოეთის ჯარებზე ავღანეთში, მაგრამ გაზარდა ავღანეთის მთავრობის ძალებზე იერიშების რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG