Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს


საქართველოსთვის COVID - 19-ის საპასუხოდ აშშ-ის ახალი მხარდაჭერის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეოგზავნილი გაავრცელა.

„დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ, სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში. ამერიკული ხორბლის მიწოდება ხორციელდება „სურსათი პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 14.5 მილიონ დოლარს შეადგენს”, - ამბობს კელი დეგნანი.

როგორც აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, მაისის ბოლომდე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას. „მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად”, - თქვა ელჩმა.

24 აპრილს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG