Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ადამიანების მდგომაროების შესახებ სათემო ორგანიზაციები განცხადებას აქვეყნებენ


ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), იდენტობა იუს და თანასწორობის მოძრაობა საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ განცხადებას აქვეყნებენ.

„ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი თემი საქართველოში დგას, კორონავირუსის, და მასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის, პირობებში მეტად კრიტიკული გახდა”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ძალების მაქსიმალური მობილიზებით აგრძელებენ მუშაობას და არ აპირებენ სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფების მიერ შექმნილი დღის წესრიგის შესაბამისად პოზიციების დათმობას: „მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საჯაროდ მოვახდინოთ აღნიშნული კონტრპროდუქტიული ქმედებების სახელდება და მიმდინარე მოვლენების შეფასება”.

30 აპრილს მომხდარი შემთხვევა, როგორც განცხადების ავტორები მიუთითებენ, რამდენიმე სატელევიზიო მედიამ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების სრული დარღვევით გადასცა. მათი შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი ფაქტი მედიასენსაცირების და პოლიტიკური პოპულიზმის ჭრილში გაშუქდა.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი ფაქტის შეფასება როგორც „პროტესტის უკიდურესი ფორმისა” თავის თავში მოიცავს გარკვეულ რისკებს. ამგვარი კვალიფიკაცია ხელს უწყობს მსგავსი ქმედების აფირმაციას. სათემო ორგანიზაციები ვიაზრებთ ასეთი სახელდების თანმდევ საფრთხეებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მედიებს, ცალკეულ აქტივისტებს და საზოგადოებას თავი შეიკავონ თვითდესტრუქციული აქტის ირიბი წახალისებისგან”, - ვკითხულობთ განცხადებაში

სათემო ორგანიზაციების შეფასებით, შემაშფოთებელია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა დამოკიდებულება. „სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა საშუალებებით პერმანენტულად ვაწვდით მტკიცებულებაზე დაფუძნებულ (კვლევები, საერთაშორისო ექსპერტიზა, ადგილობრივი გამოცდილება) ინფორმაციას ტრანსგენდერი ადამიანების სპეციფიკური საჭიროებების შესახებ, და რომლებსაც შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება აქამდე არ გამოუვლენიათ, საჯარო პოპულისტური და ფასადური განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა.

ამით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საზოგადოებას, რომ ისინი აბსოლუტურად გულგრილნი რჩებიან იმ რეკომენდაციებისა და მოთხოვნების მიმართ, რაც წლებია მიეწოდებათ პოლიტიკის დოკუმენტების, რეკომენდაციების და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში შესატანი აუცილებელი საკითხების სახით და ზედაპირულ რეაგირებას მხოლოდ ზემოხსენებულის მსგავსი შემთხვევის დროს აკეთებენ. ამ მორიგი რეაქციული ნაბიჯით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალურად ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის პროაქტიულად, შესაბამისი ჰუმანური და ცივილური პროცესებით მუშაობის პოლიტიკური ნება არ აქვს”, - აცხადებენ სათემო ორგანიზაციები.

გამოხმაურება სოფო კილაძის პოზიციაზე

განცხადების ავტორები ცალკე გამოყოფენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის პოზიციას, რომელიც მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. კილაძემ ტრანსგენდერ ადამიანებს მოუწოდა დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობებს დახმარებისთვის, ან პერსონალურად მისთვის მიემართათ.

ეს განცხადება მრავალმხრივ პრობლემურია. ქალბატონი კილაძე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. მისი განცხადება არ ასახავს და აცდენილია ტრანსგენდერი ადამიანების რეალობას და ახდენს თემის წინაშე არსებული პრობლემების ნიველირებას.

თვითმართველობასთან მიმართვის შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას, რადგან ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში თვითმართველობებთან მიმართვა თავისთავად უკავშირდება მრავალ სირთულეს.

ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა ოჯახური კონფლიქტის, უარყოფის ან ოჯახში ძალადობის გამო, ოჯახის უფლებამოსილ წევრებს მოხსნილი ჰყავთ რეგისტრაციის ადგილიდან. ხოლო მწირი მხარდამჭერი და თანადგომის ქსელის გამო ახალი რეგისტრაციის მისამართი არ გააჩნიათ. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ID ბარათი მისამართის გარეშე, ან იმგვარი მისამართები, რომელიც არ შეესაბამება მათ რეალურ საცხოვრებელ ადგილს”, - ნათქვამია სათემო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადების ავტორები სხვა საკითხებთან ერთად, არანაკლებ პრობლემურად მიიჩნევენ, იმას, რომ „ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან სრულ უნისონში მოდის ზედაპირული და ფასადური შეფასებები ცალკეული მედიის, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მხრიდან თითქოს „ქვეყანაში სულ 50-60 ტრანსგენდერი ცხოვრობს“. მათი შეფასებით, „ტრანსგენდერი ადამიანის სტატისტიკურ მონაცემად ქცევა, და განცხადბებში წარმოჩენა, თითქოს ეს მონაცემი ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების სრული რიცხვია, არის შეურაცხმყოფელი, მადეჰუმანიზირებელი და კიდევ უფრო გამრიყავი იმ ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების მიმართ, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი იდენტობის გამჟღავნებას და რომელთაც არ ჰყავთ მხარდამჭერთა მინიმალური წრეც კი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სათემო ორგანიზაციებს სურთ ხაზგასმით აღნიშნონ, რომ სახელმწიფო უწყებებისადმი გადაცემული ინფორმაცია 50-60 ტრანსგენდერის საჭიროებების შესახებ რეალურად ტრანს თემის და შესაბამისად, მათი საჭიროებების ძალიან მცირე ნაწილე მოიცავს. ეს სტატისტიკა მხოლოდ ტენდენციის მაჩვენებელია და ვერ ასახავს სრულად არსებულ სურათს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სათემო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  1. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, უწყებათაშორისო კომისიის წარმომადგენლებს: კრიტიკულად გაიაზრონ მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს პროაქტიული ქმედითი პოლიტიკის გატარებას მთელი რიგი მიმართულებებით - საკანონმდებლო, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოციალური ინკლუზიის, დასაქმების პრობლემების მიმართულებით; და თემის საჭიროებების განხილვა აწარმოონ აქტიურ რეჟიმში, იმ რეკომენდაციებისა და მოთხოვნების მიხედვით, რომელიც მათ მუდმივად მიეწოდებათ ადვოკაციაზე მომუშავე და სათემო ორგანიზაციების მიერ და არა მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევებისას გააკეთონ რეაქციული და ფასადური კომენტარები.
  2. სახელმწიფო უწყებებს, მედიას, ადამიანის უფლებათა დამცველებს: კრიტიკულად გაიაზრონ სისტემური და სტრუქტურული ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მაღალი ჰომო/ბი/ტრანსფობიური გარემოს და სექსუალობისა და გენდერის შესახებ კრიტიკულად მწირი ცნობიერების მოცემულობაში, ლგბტქი თემში მაღალია ინტერნალიზებული ჰომო/ბი/ტრანსფობის დონე, ისევე როგორც სოციალური გარიყულობის შიში, რის გამოც ლგბტქი თემის ბევრი წევრი ღიად ვერ აცხადებს საკუთარი იდენტობის შესახებ.

ტრანსგენდერმა ქალმა 30 აპრილს თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG