Accessibility links

site logo site logo

გია ვოლსკი: ელჩის გამოწვევა გარკვეული პოლიტიკური დემარშია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, გაურკვეველია ის ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა, როცა მიხეილ სააკაშვილს თანამდებობა შესთავაზა.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, თუნდაც ამ არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი შეიტანა. ელჩიც ჩამოვა. მისი გამოწვევა გარდა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დემარშია, ამასთანავე, დეტალური განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა. ამასთან, იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული. მოკლედ ბევრი შეუსაბამობაა: პოზიციის არარსებობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჟივილ-ხივილი ამ გაუგებარი დანიშვნით, მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ მკაცრი უარის თქმა - ეს ყველაფერი განაპირობებს იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია ელჩის საკონსულტაციოდ უკან გამოწვევა.

როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავის საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით. ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით. ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა,“– განაცხადა ვოლსკიმ 9 მაისს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან.

7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ამავე დღეს უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა მოწოდებას, გაეთვალისწინებინა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და არ გაეხადა პარტნიორობა უკრაინაში რეფორმების პროცესზე დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტმა კი ელჩის გამოძახებას შეცდომა უწოდა. "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG