Accessibility links

რუსეთში შეზღუდულად ჩატარდა გამარჯვების დღის ღონისძიებები


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყვავილები მიიტანა კრემლთან ახლოს მდებარე, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, რითიც აღნიშნა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 75-ე წლისთავი. კორონავირუსის პანდემიის გამო, გამარჯვების დღის ღონისძიებები რუსეთში წელს შეზღუდულად იმართება.

მემორიალის ადგილიდან პუტინმა მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ომში დაღუპულებს. "ჩვენ ვიცით და მტკიცედ გვწამს, რომ დაუმარცხებლები ვართ, როცა ერთად ვდგავართ", - მიმართა პუტინმა რუსეთის 145 მილიონ მცხოვრებს. მან ხაზი გაუსვა ამ დღის საკრალურობას და განაცხადა, რომ რუსეთს ყოველთვის ემახსოვრება თავისი გმირები ომში, რომელსაც, გავრცელებული შეფასებით, საბჭოთა კავშირის 25 მილიონამდე მოქალაქე შეეწირა, სანამ დასრულდებოდა 1945 წელს.

პუტინის თქმით, შესრულდება ყველა არსებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის არმიისა და ფლოტის კიდევ უფრო განვითარებას და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვას.

ღონისძიების ფარგლებში წითელ მოედანს გადაუფრინა 75-მა სამხედრო თვითმფრინავმა. ტელეარხებზე საგანგებო გადაცემები გადის, რომლებიც ანაცვლებს კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებულ, გრანდიოზულ სამხედრო აღლუმს. რუსეთში ბოლო შვიდი დღეა, ყოველდღიურად, ინფიცირების 10,000-ზე მეტ ახალ შემთხვევას აღრიცხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG