Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე, ჩემი ხმა და არიელი


ავტორი: თამარ კიზივაძე

ეძღვნება თითოეულ ქალს, რომლებმაც იციან, რომ საკუთარი ხმა ყველაზე კარგად მაშინ გესმის, როცა სხვების დასახმარებლად ყვირი.

ხომ ყველას გვყავდა ბავშვობაში საყვარელი ანიმაციური გმირები, რომელთა მიბაძვასაც ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვუთმობდით? ასეთი პერსონაჟი ჩემთვის წითური არიელი იყო, ზღვებისა და ოკეანეების მბრძანებლის შვილი გრძელი მწვანე კუდითა და სასაცილო მეგობრებით. მახსოვს, როგორ მოვკალათდებოდი ტელევიზორის წინ და, ვინ იცის, აგერ უკვე მერამდენედ ვუყურებდი, როგორ თმობდა საკუთარ ხმას ჩემი საყვარელი გმირი სრულიად უცნობი ბიჭისთვის. ვუყურებდი და არ მიკვირდა.

არც მაშინ მიკვირდა, როცა საკუთარი ხმის დათმობა თავად დავიწყე. ნაწილ-ნაწილ, აბზაც-აბზაც, ნაკუწ-ნაკუწ, სიტყვა-სიტყვა ვუყოფდი, ვუნაწილებდი, ვურიგებდი მამას თუ ძმას, ბიძას თუ შორეულ ნათესავს, მეზობელსა თუ კეთილისმსურველს, შეყვარებულსა თუ ქმარს. ბგერებად და ხრიალად ვშლიდი საკუთარ ხმას მაშინ, როცა:
ბაღში ბიჭებმა „ომობანა“ არ მათამაშეს და თოჯინებს მივუბრუნდი;
კლასელებმა ქათქათა შარვალზე წითელი შხეფების გამო დამცინეს და მეგობრის გრძელ ჟაკეტს შევეფარე;
მამამ მეგობრებთან ჩემი ძმა გაუშვა, მე კი - არა და მთელი საღამო ბალიშში თავჩარგული ჩუმად ვტიროდი, ოჯახის წევრები ჩემს ხმას რომ არ შეეწუხებინათ;
ცეკვის გასახდელიდან მოცეკვავე ბიჭებმა პირველი ბიუსტჰალტერი მომპარეს და მთელი გზა მკლავებგადაჯვარედინებულმა ვიარე;
ქუჩაში სტვენის გვირაბში გამატარეს და ფეხს ავუჩქარე;
მეტროში კაბა ამიწიეს და კარადაში შარვლები შევალაგე;
თავში სიგარეტი ჩამაფერფლეს და თმა შევიჭერი;
„ბოზი“ მომაძახეს და მაისურის ღილები ყელში წავიჭირე;
მანქანა დამიკაწრეს და ავტობუსით დავიწყე სიარული;
ავტობუსში ხელები მიფათურეს და შერცხვენილმა ფეხით გავაგრძელე გზა;
საკუთარ ოთახში გადაღებული კადრების გავრცელებით დამემუქრნენ და მთელი თვის ხელფასი გადავრიცხე უცხო ანგარიშზე;
მიყვირეს და თავი ჩავღუნე;
შემაჯანჯღარეს და ამღვრეულ სულს გარეთ გამოსვლის უფლება არ მივეცი;
გამარტყეს და მეორე ლოყა შევუშვირე.

მხოლოდ მაშინ გამიკვირდა, როცა ორ ბიჭს შორის დაგდებულმა და კაბაშემოხეულმა გულშიც კი ვერ გავიგე საკუთარი კივილი. მაშინ მივხვდი, რომ გასანაწილებელი არაფერი დამრჩენოდა: ხმა აღარ მქონდა.
ჩემი დაკარგული ხმა მეხად არ დამცემია აყროლებულ ქუჩაზე მიმწყვდეულს, რომლის ტრიალ მინდვრად გადაკეთებასაც ლამობდა უცნაურ, არაბუნებრივ რიტმს აყოლილი ჩემი დამსხვრეული სული. ჩემი ხმა ფრესკებაფხეკილი ტაძრის კედლებში ეულად დატოვებული სანთელივით ნელ-ნელა ქრებოდა, პატარავდებოდა და უხმობის სიცივე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა ციცქნა ალმა ჩემი სხეულის წყვდიადთან მარტო დამტოვა.

გაქრა ჩემი ხმა და დამრჩა მათი. და ეს მათი ხმა ყველა იმ ადამიანის ექო აღმოჩნდა, რომელთაც მსხვერპლად საკუთარი შევწირე.

წლები გავიდა და მათი ხმის სიბინძურე ჩამომრეცხა ბევრმა ცრემლმა, ბევრმა სახემ, ბევრმა ღიმილმა, ბევრმა თბილმა ხელმა...ყველაზე მეტად კი, სხვა ქალთა ხმებმა. თითო ხმამ თითო სიტყვა, თითო წინადადება, თითო აბზაცი, თითო ნაგლეჯი მიწილადა და გულ-მკერდის გავლით ამოსული ხმა თითქმის ვიცანი.

და მეც გავშალე მკლავები და გავხსენი გული სხვა ქალებისთვის, რადგან საკუთარი ხმა მხოლოდ მაშინ მესმოდა, როცა მათ ვწმენდდი ცრემლებს, ვამშვიდებდი, ვბანდი ჭრილობებს, ვურთობდი ბავშვებს, მივყვებოდი პოლიციასა და სასამართლოებში. მხოლოდ მაშინ მესმოდა საკუთარი ხმა, როცა ჭრილობებშეხორცებული ერთად ვიცინოდით. მხოლოდ მაშინ მესმოდა, როცა ხელიხელჩაკიდებულნი სხვა ქალებს ყვირილით ვიცავდით.
...და როცა ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი, ჩემი ხმა დავიბრუნე.

არის დღეები, როცა ეკრანის წინ მოკალათებული ჩემს საყვარელ ქალთევზას გადავაწყდები. მაშინ სრულ სიჩუმეში გავრბივარ და ხმამაღლა ვლაპარაკობ. ამ დროს საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობ და ვხედავ ჩამწვარი სანთლებით სავსე ბნელ ეკლესიას, რომელსაც უხმო ქარი აწუხებს მხოლოდ.

ამ დროს აუცილებლად კარზე დააკაკუნებენ. ზღურბლზე ქალი ხმით მოთქვამს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს მისი ხმის მხოლოდ საცოდავი ანარეკლია. მე მას ხელს ვუწვდი და ვეუბნები: „გამარჯობა“.
...და სიბნელეში მიკუნტული მისი ნამდვილი ხმა მესმის.
...და ჩემი ხმა კვლავ მიბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG