Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე დაგვაფიქრა კორონავირუსმა?!


ავტორი: შალვა ბერიანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ახალმა კორონავირუსმა ყველა სხვა ფატალურ შედეგთან ერთად, მსოფლიო მოსახლეობის თვითიზოლაციაც გამოიწვია. სამ თვეზე მეტი გავიდა, რაც ამ ვირუსმა პირველი ადამიანი იმსხვერპლა და არავინ ვიცით ბოლო ვინ და როდის იქნება... არავინ ვიცით, ვინ ჩავვარდებით იმ მდინარეში, რომლის ცენტრშიც ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფა მოექცა და ჩვენი არსებობითვე ამ მდინარისკენ მივექანებით.

პრესითა თუ ტელევიზიით, რადიოთი თუ ინტერნეტით თითქმის მთელი კაცობრიობა კორონავირუსის საშინელი შედეგების მომსწრე გახდა. შედეგად, თვითიზოლაციითა და კარანტინით, გადაჭედილი საავადმყოფოებითა და თითქმის ყველა სამუშაო ადგილის შეჩერებით, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების რიტმი გრძელდება და ვცდილობთ, ცივილიზაციების სიცოცხლე, სიკვდილიც და აღორძინებაც ძველებურადვე შევინარჩუნოთ.

მაგრამ...

ამ სამი თვის მანძილზე, ადამიანები საკუთარ თავებს ეკითხებიან - ,,რა დააშავა კაცობრიობამ ისეთი, რომ ახლა ამას ვიმკით?“ ან/და ,,ის, რაც ხდება ღვთის რისხვაა თუ განგებისმიერი გრავიტაცია?!“, ეს კითხვები ბოლო სამი თვის განმავლობაში უფრო მეტჯერ დაისვა, ვიდრე - მთლიანად კაცობრიობის ისტორიაში.

თუმცა, მოდით გადავხედოთ, არც თუ ისე ძველ მოლენებს, რომლებმაც მსოფლიო დააფიქრა. იქნებ, ეს რაიმეს ნიშნავდეს... იქნებ განგება, რაიმეს მინიშნებას ცდილობს...

ჯერ ვუინდსორის სასახლეში, შემდეგ კი ნანტსა და ვენეციაში გაჩენილმა ხანძრმა, 2019 წლის აპრილში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ალში გახვევამ, აგვისტოში ამაზონის ტყეში ცეცხლში გამომწყვდეულმა ცხოველებმა, 2020 წლის იანვარში ალმოდებულმა ავსტრალიამ, ინდონეზიაში მომხდარმა წყალდიდობამ და ახლა კიდევ „COVID-19“-მა აშკარაა, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა 1919 წელს პოლ ვალერის მიერ ნათქვამი სიტყვები:

,,ჩვენ, ცივილიზაციებმა ახლა ვიცით, რომ მოკვდავნი ვართ".

თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველი არსებისთვის იმის ცოდნა, რომ მოკვდავია და იმის დანახვა, როგორ კვდება, სხვადასხვა რამ არის... გახსოვთ, დოსტოევსკის ეშმაკნში შპიგულინის ფაბრიკის ხანძარი, რომელიც ასობით ღამისეულ მოხეტიალეს, მოქეიფეს და თუნდაც მთელ პატარა ქალაქს, როგორ იზიდავდა. ან კიდევ კამიუს, ალეგორიულ რომან „შავ ჭირში“ აღწერილი ეპიდემიის გავრცელება ალჟირის ქალაქ ორანში, მისი შემაძრწუნებელი მომავალი და საბოლოო დასასრული ყველას თანაბრად, როგორ თრგუნავს და შინაგანად, როგორ ანგრევს?!...

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ასობით კი არა, მილიარდობით ადამიანმა მედიასაშუალებებს მიაშურა, ასი ათასობითმა კი - საავადმყოფოებს. ყოველგვარი ცვლილების მისაღებად სახლში გამომწყვდეული, ცისფერ ეკრანებზე მიბჯენილი მაყურებლების რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ეს ამსტრონგის მიერ მთვარეზე პირველი ნაბიჯების დადგმის დროს ან 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-ორკში ორ კოშკზე თვთითმკვლელი ბოინგების შეჯახების დროს იყო.

ჩვენ უკვე ვნახეთ ასობით კუბო, ვნახეთ საერთო სასაფლაოები, სადაც გარდაცვლილ პაციენტებს ყოველგვარი წესისა და რიტუალის გარეშე მარხავდნენ, აგრეთვე ვიხილეთ დაკეტილი ეკლესიები და შეშინებული სასულიერო პირები, რომლებიც უფრო მეტად მრევლის დაკარგვას შიშობდნენ, ვიდრე - მათ სიცოცხლეს. ჩვენ უკვე ვნახეთ საავადმყოფოებად გადაკეთებული შენობები, აგრეთვე ერთ დღეში აშენებული სამედიცინო პუნქტები და დღესაც თვალს ვადევნებთ მსოფლიოს, რომელმაც რამდენიმე კვირაა ადამიანთა მიერ შექმნილი საჯარო სივრცის საერო ხასიათი დაივიწყა. ჩვენ ერთმანეთთან ვეღარ ვურთიერთობთ, ერთმანეთის სუნთქვა აღარ გვესმის, ვეღარ ვისმენთ ავტომობილთა საყვირების ხმასა და მძღოლების გაუთავებელ ყვირილს, რაც ადრე საშინლად გვაღიზიანებდა, ახლა კი სასიცოცხლოდ გვენატრება... სმენა დაგვეხშო და ბუნებრივად აღარაფერი გვესმის, გარდა საკუთარი გულის ცემისა და სუნთქვისა...

და, მაინც ისმის ერთი კითხვა, რომელიც კვლავ უპასუხოდ რჩება: მსოფლიოს მიერ კორონავირუსის შედეგების ხილვამ, რაზე დაგვაფიქრა ამ პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ცნობისმოყვარეები?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG