Accessibility links

site logo site logo

მუსიკალური სამყარო ემშვიდობება ლეგენდარულ ლითლ რიჩარდს


მუსიკალური სამყარო ემშვიდობება როკ-ენ-როლის პიონერს, ლეგენდარულ ლითლ რიჩარდს, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობა 9 მაისს გავრცელდა. მუსიკოსი, რომელიც თავისი ექსტრავაგანტული სტილით და ფორტეპიანოზე ენერგიით სავსე დაკვრით იყო ცნობილი, 87 წლის ასაკში, ძვლის კიბოთი გარდაიცვალა.

ბობ დილანი, ელტონ ჯონი, ჯგუფ ბიჩ ბოისის წევრი, ბრაიან უილსონი იმ ვარსკვლავებს შორის არიან, ვინც საგანგებო მესიჯებით გამოეხმაურა ლითლ რიჩარდის გარდაცვალებას. ისინი წერენ, რომ ეს მუსიკოსი მათთვის კარიერის ადრეულ ეტაპზე შთაგონების ყველაზე მძლავრი წყარო იყო.

დილანმა ლითლ რიჩარდს უწოდა "მოკაშკაშე ვარსკვლავი" მისი ბავშვობის პერიოდში. "მას სწორედ ის ორიგინალური სულისკვეთება ჰქონდა, რომელმაც ამ ყველაფრის გაკეთებისკენ მიბიძგა", - წერს დილანი ტვიტერზე. უილსონის თქმით, ლითლ რიჩარდი "დასაწყისში გამოჩნდა და ყველას გვაჩვენა, რას ნიშნავდა როკ-ენ-როლი". ელტონ ჯონი იხსენებს ლითლ რიჩარდის კონცერტზე თინეიჯერულ ასაკში მისვლას: "მთელს ორგანიზმში ჟრუანტელი, ძაბვა და სიხარულის განცდა მივლიდა", - წერს ის.

ლითლ რიჩარდს 1955 წელს პოპულარობა მოუტანა ადრეულმა ჰიტმა "Tutti Frutti". აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის თანახმად, ამ სიმღერამ საფუძველი ჩაუყარა როკ-ენ-როლს, რითიც "მუსიკაში ახალი ეპოქა დაიწყო". ამ ჰიტს მოჰყვა სიმღერები "Good Golly, Miss Molly" და "Lucille."

ლითლ რიჩარდის მუსიკამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ელვის პრესლიზე, ჯგუფზე ბითლზე, პრინსსა და დევიდ ბოუიზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG