Accessibility links

გერმანიაში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების აქტივობამ


კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია ბერლინში. 2020 წლის 9 მაისი

გერმანიაში გასული კვირის ბოლოს ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების აქტივობამ. გერმანული მაუწყებელი DW რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ პარასკევს, 8 მაისს ე.წ. საბაზისო რეპროდუქტიული რიცხვი Ro 0,83 იყო, ხოლო შაბათს 1,10-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ინფიცირებულისგან კორონავირუსი 11 ადამიანს გადაედება. კვირას ეს რიცხვი 1,13-მდე გაიზარდა.

გერმანელი მეცნიერების შეფასებით, პანდემიის უკან დახევაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი სტაბილურად 1,0-ს ქვემოთ იქნება.

გერმანიაში 6 მაისიდან დაიწყო შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი. ისევ ნებადართული გახდა სპორტული აქტივობა, სკოლებში სწავლა სრულად განახლდა და ამუშავდა ყველა მაღაზია. პარლამენტის წევრმა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ვირუსოლოგიის პროფესორმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ მკაცრი ზომების შემსუბუქება ცუდად მომზადებული იყო, რაც ინფიცირების შემთხვევების ზრდის საფრთხეს ქმნის.

9 მაისს, გერმანიის ქალაქებში გაიმართა შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები. ბერლინში ნებადართული იყო მხოლოდ 50 ადამიანის შეკრება, თუმცა, აქციის მონაწილეთა რიცხვი მეტი იყო და ისინი არც აუცილებელ დისტანციას იცავდნენ. წესების დარღვევისთვის პოლიციამ 30-მდე პირი დააკავა.

გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 171 ათასზე მეტი ადამიანი. COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 7 ათასს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG