Accessibility links

კობახიძე: ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლით იმუქრება, მივიღეთ პრევენციული ზომა


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლით იმუქრება. ამის თავიდან არიდების პრევენციული ნაბიჯი, მისი განმარტებით, არის მმართველი პარტიის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩებისადმი მიმართვა:

„საზოგადოებას ისინი ემუქრებიან, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი და ამასთან დაკავშირებით არის, ბუნებრივია, მიმართული ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ.

თუ იქნება პროცესი წარმართული ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ მათ შეასრულონ ის მუქარა, რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ვერც ერთი ელჩის თანდასწრებით, ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის საქმიანობაში.

„ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გვჭირდებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მმართველი პარტია 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ელოდება ელჩების განმარტებებს.

11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG