Accessibility links

ლევან რატიანი: რამდენიმე დღეა COVID-19-ით დაავადებული ახალი პაციენტი არ მიგვიღია


ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დადასტურების დინამიკა მკვეთრი კლებისკენაა წასული, აღნიშნულ საავადმყოფოს კი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი პაციენტი არ მიუღია:

„კოვიდინფიცირებული გვყავს 52 პაციენტი. ყველაზე ცოტა, რაც კი არსებობს, ანუ დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

ახალი შემთხვევა ბოლო რამოდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც ძალიან მახარებს... განყოფილებაში არსებული პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ტესტირების შედეგებს, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება და კიდევ დატოვებს რამოდენიმე პაციენტი კლინიკას“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. მან აღნიშნა, რომ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით პაციენტები არ ჰყავთ.

„იმედია, ასე გაგრძელდება და მალე ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნა ლევან რატიანმა. მისივე თქმით, რადგან ახალი კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით მდგომარეობა ზოგადად შემსუბუქდა, მედიასთან შეხვედრების ყოველდღიური რეჟიმის ფორმატიც იცვლება.

საჯარო განცხადებას კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობისა და სტატისტიკის შესახებ ლევან რატიანი მედიასთან კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს გააკეთებს.

დღეს დილით, 3 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი 635-დან 638-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

განიკურნა კიდევ 8 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 309-დან 317-მდე გაიზარდა.

11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს კოვიდინფიცირებული 311 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა გადააჭარბა ე.წ. აქტიური შემთხვევების რაოდენობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG