Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნებაში“ არაფერი იციან ზურაბ ადეიშვილის უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად დანიშვნის შესახებ


„ქართულ ოცნებაში“ არ აქვთ ინფორმაცია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის უკრაინის გენერალური პროკურორის მთავარ მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით.

11 მარტს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტყუებოდეს:

„ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და დღესაც არ ვიცი, რამდენად სწორია ეს. თქვენ უსმენთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ის ყოველ წინადადებაში იტყუება. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ესეც ტყუილი იყოს, თუმცა ბუნებრივია, დაზუსტება ყველაფერს სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

10 მაისს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია რეფორმების დარგში.

გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ აღნიშნა, რომ პროგრამა ამერიკული მხარის მიერაა დაფინანსებული და საგამოცდო კომისიამ, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან ძველი პროკურორების 80 პროცენტი გაცხრილა. მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზურაბ ადეიშვილი მრჩევლად უკრაინაში უკვე მეორე მთავარ პროკურორთან მუშაობს.

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG