Accessibility links

ბოკერია: დროზე მოეგოს გონს [ივანიშვილი] და ამ უტიფარ სპექტაკლებს თავი დაანებოს


გიგა ბოკერია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს შეასრულოს “დაპირება” პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე.

“პროცორციულზეც გახსოვთ, ხომ?! ჩვენ არც დაგპირვებივართო, რაღაც იდეა ვთქვითო. გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და ეს თავისთავად პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა, საკუთარ თავმოყვარეობაზე უარის თქმა მოსულა, რასაც [არჩილ] თალაკვაძე, [ირაკლი] კობახიძე აკეთებენ… ეს პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს”, - აცხადებს ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

გიგა ბოკერია “ნახევრად ხუმრობით მოუწოდებს” “ქართული ოცნების” წევრებს, თუ სხვა არავის სჯერათ, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ:

“ადამიანი [ინაშვილი] გამოვიდა და თქვა, რომ არ მოვაწერე ხელი შეთანხმებას, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე და გვარებზე იყო საუბარიო. ერთხელ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა და მაშინაც არ უჯერებენ”.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

8 მარტის ერთობლივი განცხადების ტექსტში კი წერია:

“ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG