Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: კრიზისი, როგორც შესაძლებლობა, დევიზად უნდა ვაქციოთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კოვიდ-19-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე ტურიზმი საქართველოში ყველაზე დაზარალებული სექტორია, თუმცა ქვეყანამ კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს და ეს მიმდინარე და მომავალი წლის დევიზად აქციოს:

„ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიხიოს, არამედ მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ ყველა კოვიდს, ინფექციას ვმართავთ ისე, რომ შეგვიძლია ამავდროულად მივიღოთ ღირსეულად ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის ფორმულა, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ეს არის ფორმულა, რომლითაც უნდა ავაღორძინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამ შეხვედრაზე, მისი თქმით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც მიმართული იქნება რეგიონში კონკრეტული უსაფრთხოების წესების დანერგვასა და დაცვაზე, რათა ტურისტული სფერო რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად აღდგეს.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, ტურიზმის სექტორის გაძლიერების ამოცანა 2 მთავარ საკითხში იყრის თავს:

„პირველი - შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა... მეორე, საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს, უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი გამაძლიერებელი კომპონენტი - საქართველო, როგორც კოვიდთან ეფექტურად მებრძოლი, კოვიდის ეფექტურად მმართველი და კოვიდისგან სუფთა ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG