Accessibility links

უეფა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებაზე იმსჯელებს


კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა ისე გაიწელა, უეფა იძულებულია ევროპის საკლუბო ტურნირების ჩატარების ფორმატი შეცვალოს. ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე მიმდინარე სეზონის ჩემპიონები, საუკეთესო შემთხვევაში, ზაფხულის ბოლომდე უნდა გამოვლინდნენ, ახალი სეზონი კი ივნის-ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება.

წინასწარი ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 2020-2021 წლების სეზონის სატურნირო კალენდარში საწყისი ეტაპის მატჩების შემცირებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტად საკვალიფიკაციო ტურნირის საერთოდ გაუქმებასაც კი განიხილავს. თუ უეფა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლუბები ჯგუფურ ეტაპზე სარეიტინგო ქულებით მოხვდებიან, დაბალრეიტინგიანები კი დაიჩაგრებიან.

სავარაუდოდ, სატურნირო ფორმატი უფრო სამართლიანად შეიცვლება, რადგან აქცენტის რეიტინგზე გაკეთება მთელ რიგ ქვეყნებს ევროტურნირების გარეშე დატოვებს. სწორედ დაბალრეიტინგიანთა სიაშია საქართველოც, რადგან ქართული კლუბები, უკვე დიდი ხანია, ევროსეზონს საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებენ და ასრულებენ.

საქართველოდან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისმა" უნდა ითამაშოს, ხოლო ევროპა ლიგაზე - ბათუმის „დინამომ", თბილისის „საბურთალომ" და თბილისის „ლოკომოტივმა".

საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მაისის ბოლოსთვის მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG