Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილია“ არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ.

„თალაკვაძის მიერ დღეს გამართული სამარცხვინო ბრიფინგიდან ვიგებთ, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმება არ მომხდარა. შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ სასამართლო პოლიტიკური მიზნებით არ უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერპრეტაციით, ეს არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის შესასრულებელი ვალდებულებაა“, - აცხადებს „სირცხვილია“.

სამოქალაქო მოძრაობა ეხმაურება ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას და აღნიშნავს: „ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ევრონესტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარმა ღია წერილით მოუწოდა საქართველოს, შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და არ გამოეყენებინა სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ეს მოწოდება „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე იერიშად შეაფასა”.

2019 წლის 20 ივნისს დაწყებული პროტესტის აქტიური მონაწილეები, ასევე მიმართავენ ოპოზიციურ პარტიებს: „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა მადლიერია იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა გასწია მარტის შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ამავდროულად არ დაგვიმალავს ჩვენი კატეგორიული პოზიცია სრულად პროპორციული არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიმართ.

ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ მთავრობის ფორმირებისთვის 40%-იანი ბარიერი იდეალურისგან ზუსტად მეხუთედით შორსაა და ხელისუფლების გადამგდები ბუნების გათვალისწინებით, როცა პოლიტპატიმრების საკითხი ისეთივე პრინციპული იყო, როგორც არჩევნების, ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზეც, რომ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების სათავისო ინტერპრეტაციების საშუალება არ მისცემოდა“.

„სირცხვილიას“ კრიტიკის საგანს ოპოზიციის ბოლოდროინდელი ქმედებებიც წარმოადგენს. „ჩვენ არ მოგვწონს, რომ როდესაც წარმატების მეტი პერსპექტივა იყო, მაშინ აჩვენებდით ერთიანობას და მოქმედებდით კოორდინირებულად, ხოლო განსაცდელში ისევ დანაწევრდით და საკუთარი ანტიკრიზისული გეგმებით წარსდექით ფრუსტრირებული საზოგადოების წინაშე – გეგმებით, რომელთა შესრულების უპერსპექტივობაზე თავადაც იცოდით. კატეგორიულად გთხოვთ, კერძო პარტიული ინტერესები გვერდით გადადოთ და გაერთიანდეთ ქართველი ხალხის ნებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დასაცავად”, - აღნიშნავს სირცხვილია.

განცხადების თანახმად, „გავრილოვის ღამიდან 11 თვეში მმართველი პარტიის მსგავსი განცხადებები ნიშნავს, რომ ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობამ და საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა საკმარისად ვერ ვაკონტროლეთ მათი თავგასულობა. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ჩვენ თვალწინ მარცხდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება რუსულ ორბიტაზე, საითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გეგმაზომიერად მიგვაქანებს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG