Accessibility links

საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე ლონდონიდან ბრუნდება


დღეს საქართველოში ლონდონიდან დაბრუნდება 120-მდე მოქალაქე. სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ, თბილისი-ლონდონი-თბილისის კიდევ ერთ რეისს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი შეასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. სამინისტროში აცხადებენ, რომ სამგზავრო ადგილები სრულად ათვისებული არ იქნა, რაც მიანიშნებს სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების ტენდენციაზე.

ბოლო თვეებში სამშობლოში საქართველოს მოქალაქეთა დასაბრუნებლად ავიარეისები შესრულდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და პრაღიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 10 698 მოქალაქე.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

15 მაისს შესრულდება ამსტერდამი-თბილისის, 18 მაისს ლარნაკა-თბილისის, 20 მაისს ათენი-თბილისის და 22 მაისს რომი-თბილისის ავიარეისები.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG