Accessibility links

საქართველო მიესალმება ევროკავშირის დოკუმენტს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ დასკვნითი დოკუმენტის მიღებას.

დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს, რომ საბჭოს დასკვნა ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთგულად მისდევს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიზნებს, იზიარებს მოწოდებას, რომ ეს პოლიტიკა გახდეს მეტად ამბიციური და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომდევნო სამიტს ელოდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას „აღმოსავლეთის პარტნიორობისადმი“ და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. დოკუმენტში საუბარია პარტნიორობის პოლიტიკის მთავარ პრინციპებზე - დიფერენციაციასა და ინკლუზიურობაზე და აღნიშნულია, რომ გაგრძელდება თითოეულ ქვეყანაზე მორგებული ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის მასშტაბსა და ხარისხს ევროკავშირი და პარტნიორები განსაზღვრავენ საერთო პრიორიტეტების მიხედვით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი მოიცავს საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხირდან ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.

საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში, საბჭო მიესალმება პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით. დოკუმენტში ასევე, ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს ასოცირებული ქვეყნების შემდგომ დაახლოებას ევროკავშირის შიდა ბაზართან და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

დოკუმენტში საუბარია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და სამოქალაქო კრიზისის მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც.

საერთო დღის წესრიგში უცვლელი რჩება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე თანამშრომლობა, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა.

საბჭოს დასკვნითი დოკუმენტი საფუძვლად უნდა დაედოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შემდეგი სამიტის დეკლარაციას.

ევროკომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს, გამოაქვეყნა კომუნიკე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც 2009 წლის 19 მარტს დამტკიცდა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობას, მიაღწიონ ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილეები არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG