Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფა ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდს არ გააუქმებს


უეფამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს ევროტურნირების 2020-2021 წლების სეზონში შეიძლება საკვალიფიკაციო რაუნდი გაუქმდეს და ჯგუფური ეტაპი პირდაპირ დაკომპლექტდეს მაღალრეიტინგიანი კლუბებით.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ გულდასმით აკვირდება შექმნილ ვითარებას და მომავალი სეზონის ფორმატში შესაძლო ცვლილებებზეც ფიქრობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ისეთი იქნება, რომ საკვალიფიკაციო რაუნდების მონაწილე კლუბები არავითარ შემთხვევაში არ დაიჩაგრებიან.

ევროპული გამოცემების მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფა 2020-2021 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საწყისი ეტაპის მატჩების შემცირებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტად საკვალიფიკაციო ტურნირის საერთოდ გაუქმებასაც კი განიხილავს.

ევროტურნირების ფორმატის განახლებაზე უეფა მაისის ბოლოს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო, 2020-2021 წლების ევროსეზონი ზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე დაიწყება და მასში, ტრადიციულად, საქართველოს კლუბებიც ჩაებმებიან. „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ბათუმის „დინამო", თბილისის „საბურთალო" და თბილისის „ლოკომოტივი" - ევროპა ლიგაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG