Accessibility links

ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო გლეხებს "უფასო ფულის" პროექტს შესთავაზებს


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო გლეხებს "უფასო ფულის" პროექტსაც შესთავაზებს. როგორც მინისტრმა განმარტა, ამ პროექტის ფარგლებში გლეხი მხოლოდ სესხის ე.წ. ძირ თანხას გადაიხდის, პროცენტს კი სახელმწიფო დაფარავს.

"ამ პროექტის ფარგლებში 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე სესხებია განსაზღვრული, სადაც პროცენტის სრული დაფინანსებაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად, ეს არის უფასო ფული - მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი", - თქვა დავითაშვილმა.

სესხის გამოყენება ერთწლიანი კულტურებისთვის იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ ვიცით, რომ მყისიერად, მოკლევადიან პერიოდში თუ ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება გაიზარდოს, ეს შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების ჭრილში - ბოსტნეული ან მარცვლეული", - განმარტა მან.

მთავრობა სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული მოქალაქეების დახმარების გეგმის პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს. ამ გეგმის მიხედვით, 1 ჰექტარ მიწაზე ფერმერებს სახელმწიფო 200 ლარით დააფინანსებს. გარდა ამისა, იგეგმება საწვავის ღირებულების ნაწილის სუბსიდია და მორწყვის მოსაკრებლისგან სრულად გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG