Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშანბეში უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტს


აბდულო გურბატი თავდასხმის შემდეგ
აბდულო გურბატი თავდასხმის შემდეგ

ტაჯიკური ახალი ამბების სააგენტო „Asia-Plus“-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა. 23 წლის ჟურნალისტმა აბდულო გურბატიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორი ნიღბიანი პირი მას წუხელ გვიან ღამით დაესხა თავს, როდესაც მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, ჟურნალისტის თქმით, მას ჯერ უკნიდან ჩაარტყა და მიწაზე დავარდნილს ცემა დაუწყო.

„ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი, ამის შემდეგ იმ ორმა თავი დამანება და იქაურობას გაეცალა“, - ამბობს გურბატი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ჟურნალისტი თავის სტატიებში კითხვის ქვეშ აყენებდა ტაჯიკეთის მთავრობის ცალკეულ ნაბიჯებს ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის ფარგლებში, რაზეც მან რამდენიმე მუქარის ზარი მიიღო.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნურსატულო მაჰმადზოლამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „გაკეთდება ყველაფერი თავდამსხმელების დასადგენად“, თუ დაზარალებული ჟურნალისტი ოფიციალურად მიმართავს პოლიციას, რაც გურბატიმ უკვე გააკეთა.

აპრილის დასაწყისში, საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ტაჯიკეთი სიტყვის თავისუფლების რეიტინგში 161-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG