Accessibility links

გიორგი გახარია: შევიძინოთ ქართული პროდუქტები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენისას უპირატესობა მიანიჭონ ქართულ პროდუქტს, რომელიც, მისი თქმით, სულ უფრო ხარისხიანი ხდება.

„ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები კონკურენტუნარიანები იყოს საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 12 მაისს სოფლის მეურნეობის სექტორის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დასრულების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გეგმით თითოეული ფერმერი ყოველ რეგისტრირებულ ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის სახით 200 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, მთავრობა თითო ფერმერს საწვავის ღირებულებასაც დაუფინანსებს.

როგორც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, თითოეულ მათგანს ერთი ჰექტარის დასამუშავებლად 150 ლიტრი საწვავის საბაზრო ღირებულებაზე ერთი ლარით ნაკლებად შეეძლება ყიდვა.

ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფერმერები გათავისუფლდებიან საირიგაციო საფასურისგან და მათ სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ.

სახელმწიფო გლეხებს „უფასო ფულის“ პროექტსაც შესთავაზებს, რომლის ფარგლებშიც გლეხი მხოლოდ სესხის ე.წ. ძირ თანხას გადაიხდის, პროცენტს კი სახელმწიფო დაფარავს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით დაწესებული შეღავათებით ქვეყნის მასშტაბით 200 000 ფერმერი ისარგებლებს. მთავრობის თანახმად, დახმარების სრული ბიუჯეტი ფერმერებისთვის 300 მილიონ ლარს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG