Accessibility links

COVID-19 დაუდასტურდა ბრალდებულს, რომელიც სარფში დაკავების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა


სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, COVID-19 დაუდასტურდა პირს, რომელიც 24 აპრილს სარფში დააკავეს და ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში გადაიყვანეს.

„საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლად მიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით.

სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგეგმება მისი გადაყვანა კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია:

„მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, პენიტენციურ სამსახურში 5 მარტიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

12 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 349, გარდაცვლილია 11.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG