Accessibility links

ქაბულში სისხლიანი თავდასხმა სამხედრო ფორმასა და ექიმის თეთრ ხალათში გადაცმულმა მოიერიშეებმა მოაწყვეს


ავღანეთის დედაქალაქში სამშობიარო სახლზე 12 მაისს მოწყობილი თავდასხმა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ერთმა სამხედროფორმიანმა და ორმა ექიმის თეთრხალათიანმა შეიარაღებულმა პირმა მოაწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უამბო ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

„ისინი შევიდნენ მთავარი შესასვლელიდან და გაუხსნეს ცეცხლი იქ მყოფ ხალხს. მათ ბევრი უდანაშაულო ხალხი დახოცეს“, - უთხრა თვითმხილველმა ჯავად ამირიმ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს.

12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის უპირატესად შიიტებით დასახლებულ რაიონში, სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა სახელმწიფო სამშობიარო სახლს, რაც სწრაფადვე გადაიზარდა ერთსაათიან ბრძოლაში თავდამსხმელებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, ორი ახალშობილი. 15 ადამიანი დაიჭრა.

საბოლოოდ, უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურეს სამივე თავდამსხმელი და შეძლეს საავადმყოფოდან 80 ქალისა და ჩვილის გადარჩენა.

დღესვე, 12 მაისს, ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთ ოლქში 24 ადამიანი დაიღუპა და 68 დაიჭრა დაკრძალვის ცერემონიაზე თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

12 მაისის სისხლიან ტერაქტებზე ქაბულსა და ავღანეთის სხვა ნაწილებში პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG