Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაციენტს ორჯერ უარყოფითი შედეგი ჰქონდა და კარანტინის დატოვებამდე COVID-19 დაუდგინდა


კარანტინიდან გაწერისას ვირუსი აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც ორჯერ ჩატარებული ტესტის შემდეგ COVID-უარყოფითი იყო.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ზაზა ლურსმანაშვილმა რადიო თავისუფლებასთან შემთხვევის შესახებ დეტალურად ილაპარაკა.

„ქალი თეთრიწყაროს რაიონში მუშაობდა ექთნად, იქ იყო რაღაც საეჭვო კონტაქტი და გადაიყვანეს კარანტინში, თუ არ ვცდები, გუდაურის სასტუმროში. ორი კვირის განმავლობაში იქ უნდა ყოფილიყო იზოლირებული, სადაც იგრძნო თავი შეუძლოდ და იქიდან გადაიყვანეს მცხეთის ცხელების ცენტრში. იქ მას მეორედ გაუკეთეს გამოკვლევა და კვლავ უარყოფითი აღმოჩნდა. ასეთი პაციენტები მცხეთაში არ რჩებიან, რომ დაუდგინეს პნევმონია, გადმოიყვანეს ჩვენთან. პირველი ტესტისთვის ნიმუში, სავარაუდოდ, თეთრიწყაროში აუღეს და რამდენიმე დღეში მცხეთის კლინიკაში. ორივეჯერ PCR-ტესტი და უარყოფითი იყო“, - ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.

მცხეთის ცხელების ცენტრიდან პაციენტი 1 მაისს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, სადაც მან იმკურნალა. ლურსმანაშვილის თქმით, გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გაეწერა, რის შემდეგაც დაბრუნდა საკარანტინო ზონაში.

კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს საკარანტინო ზონის დატოვებამდე ერთი დღით ადრე PCR-ტესტი ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ დადებითი იყო, რის შემდეგაც ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს.

როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მიქაელის საავადმყოფოს პერსონალი დაცული და შესაბამისად აღჭურვილი იყო, 30-მდე ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა, როგორც სწრაფი ტესტით, ასევე PCR-ით. ყველა შემთხვევაში შედეგი უარყოფითი იყო, თუმცა რეკომენდაციიდან გამომდინარე, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

12 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია - 349, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG