Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკას covid-19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი დაემატა


ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათგან ერთი თეთრიწყაროდანაა, მეორე კი ბოლნისიდან.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, ახალი პაციენტებიდან ერთი არის ექთანი, თეთრიწყაროს რაიონიდან, რომელიც ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მკურნალობდა, გაეწერა, საკარანტინო ზონაში დაბრუნდა და აღნიშნული ზონის დატოვებამდე ერთი დღით ადრე ტესტირების შედეგად კოვიდ ინფიცირება დაუდასტურდა.

მაკა სოლოღაშვილის თანახმად, აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

„მისი მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა, გამოხატულია ორმხრივი პნევმონია კომპიუტერულ ტომოგრაფიულ სურათზე, მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, მისი თქმით, ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 54 ადამიანი მკურნალობს. მათგან საყურადღებოა 6 პაციენტის მდგომარეობა. მაკა სოლოღაშვილის თანახმად, კლინიკას მძიმე პაციენტი არ ჰყავს.

13 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 349-დან 372-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 647-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 11 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG