თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ, 12 მაისს კლინიკიდან 6 პაციენტი გაეწერა, 6-ვე პაციენტი მოზარდია:
„ექვსივე მოზარდმა დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 1 არასრულწოვანი დაგვრჩა. დანარჩენი ყველა გამოჯანმრთელებული გაეწერა ბინაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში covid-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 2 ახალი შემთხვევაა.
მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ ეტაპზე საავადმყოფოში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ. მისი თქმით, დასტაბილურდა 1 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობაც, თუმცა პროგნოზზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
13 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 349-დან 372-მდე გაიზარდა.
დღეს დილით დადასტურდა ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 647-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 11 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი