Accessibility links

თბილისის მერია საავტობუსე ზოლის მოწყობას ყველა ქუჩაზე გეგმავს


საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობისა და მოქალაქეებისთვის კომფორტულად და სწრაფად გადაადგილების მიზნით, დედაქალაქის მერია საავტობუსე ზოლის თბილისის ყველა ქუჩაზე მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ჭავჭავაძის გამზირის შუა ნაწილია გამოყოფილი, რათა ავტობუსებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაადგილება შეძლონ. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური პროექტის განხორციელება იგეგმება ყველგან:

„ჩვენ 2 წლის წინ ვთქვით, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით ანალოგიური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლი ყველა ქუჩაზე გავაჩინოთ, რათა ადამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, კომფორტულად გადაადგილება და მგზავრობა მოახერხონ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლი შუაში განთავსდება, შესაბამისად ეწყობა ინფრასტრუქტურაც.

მოძრაობის ახალი სქემით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის. აღნიშნული სქემის მიმართ სოციალურ ქსელებში მოსახლეობა სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG