Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეაჩერა ადგილობრივი წარმოების ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გამოყენება


„როსზდრავნადზორმა“ შეაჩერა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების, „Aventa-M“-ის გამოყენება, რომლებიც 2020 წლის 1 აპრილის შემდეგაა წარმოებული. ასეთი მოწყობილობები ხანძრების მიზეზი გახდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.

პირველი ხანძარი მოხდა 9 მაისს საღამოს, მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში. ინციდენტისას დაიღუპა ერთი ადამიანი. მეორე ხანძარმა, რომელიც 12 მაისს დილით გაჩნდა სანქტ-პეტერბურგის წმ. გიორგის საავადმყოფოში, ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„Aventa-M“-ს აწარმოებს ურალის ქარხანა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურა „როსტეხში“ შედის. მარტის ბოლოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის განკარგულებით, კონცერნი დანიშნა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით რუსეთის სამედიცინო დაწესებულებების ერთადერთ მომმარაგებელ საწარმოდ.

ქარხანა, რომელიც დღეში ათ აპარატს აწარმოებდა, პროდუქციის გაზრდას აპირებდა დღეში 100 აპარატამდე, იტყობინება გაზეთი „კომერსანტი“.

რუსეთის მედიის ცნობით, დღეისთვის მთელი რუსეთის მასშტაბით საავადმყოფოებში გამოიყენება ურალის ქარხანაში დამზადებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათასობით აპარატი. სხვადასხვა მოდიფიკაციის თითო აპარატი ბიუჯეტს უჯდება 1,5-3,4 მილიონი რუბლი. აპრილის დასაწყისიდან რუსეთის კლინიკებმა კონკურსის გარეშე შეისყიდეს ათასობით ასეთი აპარატი, რომელთა საერთო ღირებულება 14,6 მილიონი რუბლია, იტყობინება გამოცემა „ბაზა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG