Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი საბანკო საქმიანობის სრულყოფის შესახებ


უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი საბანკო საქმიანობის სრულყოფის შესახებ. კანონი კიევს გზას უხსნის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მილიარდობით დოლარის მისაღებად.

კანონს არაოფიციალურად უწოდებენ „ანტიკოლომოისკის“, ვინაიდან, სხვათა შორის, ძალაში შესვლის შემდეგ ის შეუძლებელს გახდის ადრე ნაციონალიზებული ბანკის, „პრივატის“ დაბრუნებას ყოფილი მფლობელისთვის, იგორ კოლომოისკისთვის.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ბანკის მფლობელებს და ყოფილ მფლობელებს, რომელთა ინტერესებიც დაირღვა ბაზრიდან საფინანსო დაწესებულების გაყვანით, დანაკარგის კომპენსაცია მხოლოდ ფულადი სახით შეიძლება მიეცეთ.

ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო აღიარებს, რომ კოლომოისკის უფლებები დაირღვა, ის ვერ შეძლებს ბანკის დაბრუნებას თავის საკუთრებაში.

კანონპროექტის მიღება უკანასკნელი პირობა იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. კენჭისყრისას დარბაზში იმყოფებოდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის. კანონპროექტს ხმა მისცა 270-მა დეპუტატმა. მისი მიღებისთვის 226 ხმა იყო საჭირო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წარმომადგენელთა უმრავლესობამ, ასევე ფრაქცია „ჰოლოსმა“ („ხმა“) და რიგმა სხვა დეპუტატებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG