Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს - ნათელაშვილი


თუ პოლიტპატირები არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, მისი პარტიის ოფისში ოპოზიციური ძალების საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არავითარი კომპრომისი ხელისუფლებასთან არ იქნება, მთავარ საკითხთან - „პოლიტიკური ტერორის შედეგების გადალახვასთან დაკავშირებით“, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ოპოზიცია ხელისუფლებასთან არავითარ კომპრომისზე არ წავა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოითხოვეს საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის გაუქმებაც.

ამასთან, მან ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დიდი სახალხო თავყრილობის ჩატარების იდეა, დისტანციის დაცვით. რაც, მისი თქმით, განხილვის საგანი იქნება, თუმცა "გულში ყველა დაეთანხმა".

კონსულტაციები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გასული წლის ბოლოს გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 13 მაისს განაახლეს. ისინი ითხოვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

11 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების მონაწილე აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს თხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე საპასუხოდ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.

იმავე დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG