Accessibility links

თინა ბოკუჩავას თქმით, დაიგეგმება საპროტესტო მოქმედებები, სოციალური დისტანციის დაცვით


თინა ბოკუჩავა

„საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მოცემულობის გათვალისწინებით, მისი აზრით, არის იმის საშუალება, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმების შესრულება მმართველ პარტიას გარკვეული ტიპის საპროტესტო მოქმედებებითაც აიძულოს:

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე არის ის უპირველესი ფასეულობა, რაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითავისოს საკუთარი გადაწყვეტილებებისას.

თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ჩემი აზრით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვით, საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები იმისთვის, რომ საერთაშორისო წნეხთან ერთად, წნეხი ასევე იყოს ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ვაიძულოთ ივანიშვილს 8 მარტის შეთანხმების შესრულება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

თინა ბოკუჩავამ, კერძოდ, მედიასთან აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ეხება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს ჩვენი ფრაქცია მხარს. ასევე არ დაუჭერენ მხარს სხვა ოპოზიციური ფრაქციები. ამაზე დღეს ამ შეხვედრაზე იყო მსჯელობა და პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი ადასტურებს, რომ ამ შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი და, შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ასრულებს შეთანხმების ერთ ნაწილს, მაშინ ოპოზიციისთვის შეუძლებელი ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კონსულტაციები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გასული წლის ბოლოს გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 13 მაისს განაახლეს. ისინი ითხოვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ერთობლივი განცხადებაც მიიღეს.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება.

"ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ვკითხულობთ 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG