Accessibility links

ბურჯანაძე: გარწმუნებთ, ხელისუფლებას დაათმობინებენ აუცილებლად


პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს შეთანხმების შესრულებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ოპოზიციისათვის, არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ციხეშია, არამედ, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მისდა უნებურად გახსნა პანდორას ყუთი. პირველად ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა, რომ სიტყვა პოლიტპატიმარი, რაც არის ხელისუფლებისთვის დამანგრეველი. რაც არის ძალიან ცუდი იმ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რომელიც ჩვენ გველოდება. თუ ქვეყნის მიმართ იქნა გამოყენებული სიტყვები, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკური დახმარების მიღება ძალიან გართულდება და ძალიან გაგვირთულდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა“, - თქვა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას იხსენებს. „შეთანხმებაში იყო ლაპარაკი, რომ „120-30“ არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღევანდელი ვითარება, მაგრამ, იმისათვის, რომ საბოლოოდ გაჯანსაღდეს საარჩევნო გარემო, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე პუნქტიც, რომელიც ეხება პატიმრებს, რომელთა დაპატიმრება პოლიტიკური ჩრდილით იყო შეფარული“.

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ „ხელისუფლება უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს. გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა და დაათმობინებენ აუცილებლად და უფრო სისუსტე იქნება ხელისუფლებისთვის“.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG