Accessibility links

6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა


მოსამართლის გადაწყვეტილებას 6 წლის გოგოს მშობლების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 58 წლის კაცი, რომელსაც პროკურატურა ძმის შვილიშვილის, 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდა. (შემთხვევის დროს, გოგო 5 წლის იყო).

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას 6 წლის გოგოს მშობლების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

დაზარალებულის ადვოკატი შალვა მჭედლიშვილი ამბობს, რომ „მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვნის ჩვენება იყო, რასაც განაჩენის გამოსატანად ვერ გაიზიარებდა“.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, განჩინების ჩაბარების შემდეგ გაასაჩივრებს. საქმის პროკურორმა სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

განაჩენის გამოცხადებამდე 12 მაისს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ლევან ზაქარაძის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და ის ასეთ განაჩენს მოელოდა.

საქმის ვადებში დასრულება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბოლო დროს ის სასამართლო პროცესებზე სახლიდან დადიოდა.

58 წლის მამაკაცი 6 წლის გოგოს პაპის ძმაა. ისინი ამ დრომდე ერთ ეზოში ცხოვრობენ.

შემთხვევა კახეთში 2019 წლის ივნისის თვეში მოხდა.

ასევე ნახეთ: კახეთში 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG