Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გმობს აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას


მალხაზ რეხვიაშვილი
მალხაზ რეხვიაშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ დაგმო აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლოდ გათავისუფლება.

ორგანიზაცია ტვიტერზე წერს, რომ რეხვიაშვილი კოლეგის მიმართ დისციპლინური სანქციის კრიტიკისთვის დაითხოვეს. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს საზოგადოებრივ ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა ფეისბუკზე გამოქვეყნებული მოსაზრებისთვის, რომლითაც გამოეხმაურა საინფორმაციო პროგრამის წამყვანის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას.

მალხაზ რეხვიაშვილის ინფორმციით, მისი მოსაზრება გიორგი კოხრეიძემ ცილისწამებად ჩათვალა. სამსახურიდან გათავისუფლების გამო მალხაზ რეხვიაშვილი სასამართლოში ჩივილს აპირებს. გარდა ამისა, გეგმავს პროკურატურას მიმართოს კოხრეიძის საქმიანობის კანონიერების შესასწავლად.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს 5 წევრიან სამეურვეო საბჭოში "ქართული ოცნების" კვოტით მყოფი 3 მეურვის მხარდაჭერით, გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორად 2019 წლის შემოდგომაზე აირჩიეს. ჟურნალისტების ნაწილმა ახალი დირექტორი მალევე დაადანაშაულა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში.

ბოლო პერიოდში გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და მოადგილე სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, ონლაინ სამსახურის უფროსი საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორა, ერთ თანამშრომელს ხელშეკრულება შეუცვალა, ორი ჟურნალისტი გაათავისუფლა, ორი კი ძირითად საქმიანობას ჩამოაშორა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG