Accessibility links

logo-print logo-print

თურნავა: სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს ქვეყნად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ აქტიურად ურთიერთობს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრებთან უსაფრთხო კორიდორის წესების შემუშავების საკითხზე. მინისტრი იმედოვნებს, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ.

„თქვენ იცით, რომ სულ ეხლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო როგორც ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანათაგან, სადაც ვარაუდობენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათი ტურისტები ჩავლენ. ასევე სხა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ 14 მაისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი განმარტებით, ინტერესს საქართველოს მიმართ იჩენენ ასევე პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, იგეგმება კომუნიკაცია საფრანგეთთან. მინისტრის თქმით, ჩამონათვალში იგულისხმება ასევე ბალტიის ქვეყნები და რეგიონის ქვეყნები.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა უკვე მზადყოფნა საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე და უახლოეს მომავალში ფრენების თარიღებიც ცნობილი გახდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო სტუმრებს ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ მიიღებს, ისრაელი იქნება. პრემიერ-მინისტრის თანახმად, პირველი ქვეყანა, რომელთანაც ქვეყანას უსაფრთხო მწვანე კორიდორი ექნება, ისრაელია.

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG