Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავას თქმით, სილამაზის სალონებში ელექტრონული რიგი დაწესდება


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თანახმად, 18 მაისიდან სილამაზის სალონები მუშაობას სპეციალური წესების პირობებში, მკაცრი სტანდარტების დაცვით გააგრძელებენ:

„ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები”, - განაცხადა ნათია თურნავამ 14 მაისს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ სილამაზის სალონების 18 მაისიდან გახსნის გადაწყვეტილება ეპიდემური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების გამო მიიღო. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

სალონები ვალდებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესები დაიცვან. მათ შორისაა კლიენტებისთვის ტემპერატურის გაზომვა და ნიღბის და ხელთათმანის სავალდებულო გამოყენება.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, ეკონომიკის გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო და 6 ეტაპად გრძელდება. პირველადი გეგმით, ეტაპებს შორის ინტერვალი საშუალოდ 2 კვირა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის პროცესები უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. ექვსპუნქტიანი გეგმით, სილამაზის სალონების და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გახსნა მეოთხე ეტაპზე, 8 ივნისისთვის იგეგმებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG