Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობის რეციდივი არ მომხდარა - პრობაციის სამსახური


პრობაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებულ პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დროს რეციდივი არ გამოვლენილა. ამის შესახებ უწყებამ რადიო თავისუფლებას აცნობა.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებს 18 მაისიდან პრობაციის სამსახურებში მისვლის ვალდებულება კვლავ უჩნდებათ. ასეთი სულ 1 499 პირია.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ეტაპობრივად მსგავსი ვალდებულება ყველა პრობაციონერს გაუჩნდება.

"მოცემული კატეგორია შეირჩა პირველ ჯგუფად, ვინც დაიწყებს გამოცხადებას ორშაბათიდან, რადგან სახლში დარჩენის პრიორიტეტიდან გამომდინარე, მათ ყველაზე ხშირი და მეტი შეხება აქვთ იმ ოჯახის წევრებთან, რომელთა მიმართაც წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის იქნენ მსჯავრდებულნი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას პრობაციის სამსახურში.

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პანდემიის დროს გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქალები თავს იკავებენ ოჯახში ძალადობის შესახებ სამართალდამცავების ინფორმირებისგან.

"ქალები ხედავენ, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, თავს იკავებენ მიმართონ სამართალდამცავებს. ჩვენ ორჯერ გაგვეზარდა მომართვიანობა", - ამბობს ბაია პატარაია.

კორონავირუსის საფრთხის გამო პრობაციონერები პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან იუსტიციის მინისტრმა 16 აპრილის ბრძანებით გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG