Accessibility links

სახელმწიფო მინისტრის აპარატი უარყოფს COVID-19-ით ინფიცირებულის ცხინვალიდან შემოსვლის ფაქტს


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით განთავსებული ახალი პაციენტი ცხინვალის რეგიონიდანაა გადმოსული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, პაციენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა:

„საუბარია საქართველოს მოქალაქეზე (მცხოვრები ქ. თბილისში), რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა 12 მაისს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. გადაყვანილ იქნა მცხეთის ცხელების ცენტრში. ტესტირების შედეგად აღმოაჩნდა კორონავირუსი. აღნიშნული პირი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან არ გადმოსულა”, - განმარტავენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა 14 მაისს დილით ჟურნალისტებს უთხრა, რომ COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით განთავსებული ახალი პაციენტი ცხინვალიდანაა. მისი განცხადებით, მამაკაცი, რომლის ასაკი 60 წელს ზემოთაა, მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა:

„როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან... მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, მიმდინარეობს როგორც გამოკვლევები, ასევე მკურნალობა...კლასტერი გამოდის ცხინვალი“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა.დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 652-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 383-ია, გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG