Accessibility links

TI: არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ფული გაათეთრეს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" "თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

დასკვნა საქმეზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პოლინ დევიდმა მოამზადა. მის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  • არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს: სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას; თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას; მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.
  • ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.
  • საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.
  • ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.
  • საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
  • არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ფულის გათეთრების ექსპერტად პოლინ დევიდი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეარჩია. იგი არის ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში და პრაქტიკოსი ადვოკატი 30 წლიანი გამოცდილებით.

TI-საქართველოს განმარტებით, სამუშაოს აღწერილობა მოიცავდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეფასებას და იმის დადგენას, თუ რამდენად შეიცავდა მათ მიერ 2008 წელს განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები ფულის გათეთრების ელემენტებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თანახმად, პოლინ დევიდი შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, სახალხო დამცველისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. TI- საქართველოს ცნობით, პროკურატურამ პოლინ დევიდს მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა მიაწოდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2019 წელს აღძრულ საქმეს.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათთვის დახმარების გაწევაში ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც საქმეს ასევე, აბსურდულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG