Accessibility links

BBC: დონეცკში "იზოლაციის" მიზნით არის დაკავებული MH17-ის საქმეზე ბრალდებული ლეონიდ ხარჩენკო


დონეცკში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტში დააპატიმრეს ლეონიდ ხარჩენკო - ერთ-ერთი იმ ოთხი პირიდან, რომლებიც ბრალდებული არიან დონბასის თავზე 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის (რეისი MH17) ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით და რომელთა საქმეს ნიდერლანდის სასამართლო განიხილავს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.

ხარჩენკოს 2014 წელს ჰქონდა მეტსახელი „კროტი“ და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი საველე მეთაური იყო.

BBC-ის ცნობით, ის 11 მარტს დააკავეს დონეცკში, 8 მაისს კი გაუგრძელეს წინასწარი დაკავების ვადა. ამჟამად ის დონეცკში იმყოფება საგამოძიებო იზოლატორში.

BBC-ის წყაროს თანახმად, ხარჩენკოს დაკავების საბაბი გახდა ბრალდებები უკანონო ჩხრეკასა და იარაღის უკანონო ტარების თაობაზე.

BBC-ის წყარო დარწმუნებულია, რომ ხარჩენკოს დაკავების ნამდვილი მიზეზია მისი „იზოლირება“, რათა გამოირიცხოს მისი მოტაცება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, რომლებმაც შარშან ზაფხულში მოახერხეს სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიიდან გაეყვანათ ვლადიმირ ცემახი - „მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგის“ საქმის მნიშვნელოვანი მოწმე. ცემახი მოგვიანებით გაიცვალა და, როგორც იტყობინებიან, ის რუსეთის გავლით დაბრუნდა დონბასის ტერიტორიაზე.

უკრაინის ხელისუფლებამ 2015 წლის ივლისში ხარჩენკოს ძებნა გამოაცხადა. 2019 წელს ნიდერლანდის პროკურატურამ, რომელიც კოორდინაციას უწევდა MH17-ის კატასტროფის საქმეზე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას, ხარჩენკოს ლაინერის ჩამოვარდნასა და მასში მყოფი 298-ვე ადამიანის სიკვდილთან კავშირის ბრალდება წაუყენა.

ხარჩენკოს გარდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბრალდებები წაუყენეს რუსეთის სამ მოქალაქესაც, რომლებიც ადრე ასევე დაკავშირებული იყვნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG