Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო: უნგრეთმა გვერდი აუარა ევროკავშირის კანონმდებლობას მიგრანტთა საკითხში


როსკეს სატრანზიტო ზონა.
როსკეს სატრანზიტო ზონა.

ევროკავშირის უზენაესმა სასამართლო ორგანომ, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ უნგრეთმა გვერდი აუარა ევროკავშირის კანონმდებლობას ავღანელი და ირანელი თავშესაფრის მაძიებლების მოთავსებით ციხის მსგავს პირობებში, სასაზღვრო ტრანზიტულ ზონაში.

უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა მიგრაციის პრობლემის მიმართ არჩეული მკაცრი კურსისთვის და მას მრავალჯერ მოსთხოვეს პასუხი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში, რომელმაც თავისი უკანასკნელი გადაწყვეტილება 14 მაისს მიიღო.

უკანასკნელი სარჩელით სასამართლოს, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა, მიმართა ოთხმა თავშესაფრის მაძიებელმა ირანიდან და ავღანეთიდან, რომლებიც როსკეს სატრანზიტო ზონაში ჰყავთ დაკავებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უნგრეთში, მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყანაში სერბეთის გავლით ჩავიდნენ.

ოთხმა მოსარჩელემ როსკეში შეიტანა თავშესაფრის თაობაზე განაცხადი და ისინი ამჟამადაც იქ ცხოვრობენ, თუმცა ევროკავშირში მათი დაკავება უკანონოა, სანამ არ განიხილავენ მათ განაცხადებს.

ბუდაპეშტმა არ მიიღო მათი განაცხადები იმ მოტივით, რომ სერბეთი უსაფრთხო სატრანზიტო ქვეყანაა და რომ განაცხადებები იქ უნდა შეეტანათ.

სერბეთმა უარი თქვა მათ კვლავ მიღებაზე და განაცხადა, რომ ოთხი პირი უნგრეთში არ შესულა უკანონო გზით. ამიტომ ისინი არ აკმაყოფილებენ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების პირობებს.

როსკეს სატრანზიტო ზონა გარშემორტყმულია მაღალი ღობით და მავთულხლართებით და მასში მცხოვრებთათვის მოძრაობა მკაცრად იზღუდება. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პირობები პატიმრობას უტოლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG