Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი: 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინფორმაციით, 15 მაისს, 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტა და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

დეპუტატი „ფეისბუკზე“ წერს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში. როგორც ის აღნიშნავს, სწორედ, ამ სოფლებს უკავშირდება 14 მაისს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8; მუშევანი-7). მეშველიანის ინფორმაციით, ამ სოფლებში 13 მაისს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები“, - წერს მეშველიანი. მისი ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დადასტურებულა.

ბოლნისში კარანტინის 53-ე დღეა.

14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელში COVID - 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება.

სამთავრობო ვებსაიტის (StopCov.ge), მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 667 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 383, გაირდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4233 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG