Accessibility links

საქართველო საბერძნეთს გადასცემს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას


დღეს საქართველო საბერძნეთს გადასცემს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. თბილისის დროით 13 საათზე სტრასბურგში დაიწყება კომიტეტის სხდომა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება.

კომიტეტის სხდომას სტრასბურგში გახსნის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, რომელიც სიტყვას თბილისში გადასცემს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი საქართველოს თავმჯდომარეობის შედეგებს შეაჯამებს. საქართველოს, როგორც თავმჯდომარის საქმიანობას შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი.

როგორც წესი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს ერთმანეთს კომიტეტის ხელმძღვანელები - საგარეო საქმეთა მინისტრები გადასცემენ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ეს ტრადიცია შეცვალა. სიმბოლურ გასაღებს ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გადასცემს თავის ბერძენ კოლეგას.

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 2019 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთისგან გადაიბარა. 6 თვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები იყო კავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ის პანდემია ევროსაბჭოს მუშაობისთვის ურთულეს გამოწვევად იქცა. მინისტრთა კომიტეტის მუშაობა აპრილის დასაწყისიდან განახლდა წერილობითი პროცედურის და ვიდეოკონფერენციების ფორმატით და შესაძლებელი გახდა სხდომების ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორისაა დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნების შესახებ.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში თბილისში უნდა ჩატარებულიყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა. მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო.

26 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ მაისში, ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებოდა. საბოლოოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა საერთოდ გადაიდო და 2020 წლის 4 ნოემბერს ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG