Accessibility links

site logo site logo

კალაძე „სირცხვილიას“ პასუხობს: პარლამენტთან სამუშაოებს ასრულებს ის, ვინც თავის საქმე იცის


თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროფესიონალები ასრულებენ. მერი ამბობს, რომ მათ იციან თავიანთი საქმე და მას ღირსეულად ართმევენ თავს.

ჟურნალისტებთან კომენტარში კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები პარლამენტთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მისი გაჭიანურება ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია:

„გარკვეული პრობლემები იყო როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც, რომლებიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. შეფერხებები იყო არსებული პანდემიის გამო. იმ პრობლემების გამო, რომელშიც არა მხოლოდ საქართველო, მთელი მსოფლიო იმყოფება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აქციებსა და გამოხატვის თავისუფლებას, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და აქციებისა და შეკრებების შეზღუდვა არასდროს ყოფილა ხელისუფლების მიზანი.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ თბილისის მერს კახა კალაძეს „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდიდან მიმართა და შეატყობინა, რომ 20 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ წლისთავზე, მოძრაობა პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს. მანამდე დარჩენილ დროში კი „სირცხვილია“ გამოთქვამს მზადყოფნას, დაასრულოს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 5 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

თბილისის მერიამ 2020 წლის პირველ იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. გამარჯვებული ერთადერთი პრეტენდენტი, „გრინსერვისი“ გახდა.

ტერიტორია 22 იანვრის ღამიდანაა შემოღობილი მას შემდეგ, რაც ძალის გამოყენებით დაშლილი საპროტესტო კარვების ადგილას მოწყობილი საახალწლო საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისათვის განკუთვნილი დახლები აიღეს.

„ეზოში ავი ქოცია“, „ბიძინას ბოსტანი“ - ეს და საპროტესტო ხასიათის სხვა წარწერები გააკეთეს სამოქალაქო აქტივისტებმა ღობეზე. ისინი აცხადებდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მათ პროტესტის გამოხატვაში ხელს ვერ შეუშლიდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG