Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს ტესტირების აპარატები და ტესტები გადასცა


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სამინისტროს „PCR“ ტესტირების 2 აპარატი და 4000 ტესტი გადასცა.

ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას და შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

„ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე", - განაცხადა ტესტირების აპარატებისა და ტესტების გადაცემის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ტესტირების აპარატები და პირადი დაცვის ის საშუალებები, რაც DTRA-მ, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ გადასცა საქართველოს ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის.

"ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“, - აღნიშნა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის რისკების პირველივე დღეებიდან საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის ისეთი საშუალებებიც გადასცა, როგორებიცაა ქირურგიული და რესპირატორული ნიღბები, დამცავი სათვალეები, ხალათები და სხვა.

ამავე ინფორმაციით, "PCR“ ტესტირების აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა.


ტვირთის გადაცემა ექსპო-ჯორჯიაში, ჯანდაცვის სამინისტროს დროებითი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. აშშ-ის ელჩმა საწყობის ტერიტორია და ის პირადი დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგში აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG