Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს


„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ რუსთავში სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ თქვა, რომ პოლიტპატიმრის ტესტი საქართველოშიც და თავისუფალ სამყაროშიც არის მარტივი: ევროსაბჭოს დადგენილება და თავისუფალი სამყაროს მიერ ასეთად ცნობა.

„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე და არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ ჩემი შეწყალების აქტს მისი ხელმოწერა აქვს და მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა“, - თქვა უგულავამ. ის მადლობას უხდის პარტნიორებს, მოქალაქეებს, თანაპარტიელს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. „იყო ერთსულოვნება და ზუსტად ამან გამოიღო ის შედეგი, რომ ქართული საზოგადოების გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობის და ტყუილის ნიაღვარს, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირდა მაინც სიმართლე. სიმართლე ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მათ შორის, მაგინებელმა ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა“, - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის ყოფილმა მერმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მესაკუთრის, გიორგი რურუას შესახებაც ილაპარაკა. „ჩვენ დახლზე არ ვართ და „ქართულ ოცნებას“ არ ვევაჭრებით და ჩვენი პარტნიორებიც ამით არ არიან დაკავებულები, განსხვავებით ბატონი ივანიშვილისგან, რომელიც ტესტავს საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია, დღეს სალომე ზურაბიშვილი მას ვერ შეიწყალებდა იმიტომ, რომ ის მსჯავრდებული არ არის, ჯერ კიდევ ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათავისუფლების. თუ მაინც ბრალდებულად ვერ გათავისუფლდება, იმედი მაქვს, ანალოგიურ მოწყალებას გაიღებს ქალბატონი სალომე“, - თქვა გიგი უგულავამ.

უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. ამ მოვლენებს მოჰყვა შეშფოთების და კრიტიკის შემცველი არაერთი განცხადება, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. მმართველი პარტია უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, 12 თებერვალს ევროპარლამენტარებს შესთავაზა საქართველოში მისიის გაგზავნა გიგი უგულავას საქმის შესასწავლად.

„ევროპულმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ ტრიუკად შეაფასა საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის მოწვევა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორები კი შეთანხმების შესრულების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა. „პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - დაწერა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთიდან ანჟეი ჰალიცკიმ.

შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. მისი შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG